პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 12 წარმომადგენელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა.
კენჭისყრის შედეგად, საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ „გახარია-საქართველოსთვის“ საპარლამენტო სიის პირველ 12 ნომერს: გიორგი გახარიას, ნათია მეზვრიშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, კახაბერ ქემოკლიძეს, ზვიად ძიძიგურს, ზაზა თავაძეს, ანა ბუჩუკურს, ბერდია სიჭინავას, როინ ქოჩორაშვილს, ბექა ლილუაშვილს, თეონა აქუბარდიასა და ლევან გოგიჩაიშვილს.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი - გიორგი გახარიას პარტია (ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები) 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს - ასევე, „გახარია - საქართველოსთვის“, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტში განცხადება არ შეუტანია.