შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს.
„საქართველოდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს - ჯამში 41 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, 525 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.