შავ ზღვაში კვლავ დაფიქსირდა ფუგუს ახლო ნათესავის - ვერცხლისფერი მუცელეკლიანის მოპოვების ფაქტები.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შხამიანი თევზი საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემას და ადამიანების ჯანმრთელობას.
თევზის შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი.
როგორც გუჩმანიძე აღნიშნავს, თევზი ინდო-წყნარი ოკეანის ბინადარია და შავ ზღვაში სუეციის არხის გავლით აღმოჩნდა. თევზს აქვს ძლიერი ყბები და ეკლები. იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით. ტემპერატურის მატების გამო ტეტრაოდონს აქვს პოტენციალი გამრავლდეს შავ ზღვაში, რაც დიდი საფრთხეა.
არჩილ გუჩმანიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ სადმე შენიშნავენ მსგავსი ტიპის თევზს, გადაუღონ ფოტო, ჩაინიშნონ ლოკაცია და აუცილებლად აცნობონ შესაბამის ორგანოებს.