აზერბაიჯანი: რუსეთმა აზერბაიჯანელი ძმები აწამა და ცემით მოკლა

აზერბაიჯანი: რუსეთმა აზერბაიჯანელი ძმები აწამა და ცემით მოკლა

გუშინ, 20:05 - 2025
156
       

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიხედვით, რუსეთის პატიმრობაში დაღუპული ორი აზერბაიჯანელი ძმის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი ცემით არიან მოკლული.
 
რუსეთსა და ზაერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, აზერბაიჯანში პროკურორები ამბობენ, რომ გასულ კვირას ეკატერინბურგში დაკავების შემდეგ, ჰუსეინ და ზიადინ საფაროვების სავარაუდო მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
 
პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება „რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი სააგენტოების პოლიციელების მიერ აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და ეთნიკურად აზერბაიჯანელების წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით განგებ მკვლელობას“.
 
მანამდე, 30 ივნისს, ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. რეიდის ფარგლებში სამართალდამცველებმა Sputnik-ის ადგილობრივი რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბელოუსოვი დააკავეს. დღეს კი ასევე დააკავეს რუსული ვიდეოსააგენტო Ruptly-ს თანამშრომელი, აიტეკინ გუსეინოვა.
 
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, Sputnik-ის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
 
მანამდე, ადგილობრივ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც Sputnik-ის აზერბაიჯანის ოფისში მუშაობდნენ.
 
ცნობისთვის, Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად თებერვალში შეუჩერეს, თუმცა, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.
 
28 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხიც დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის „ბრუტალური მკვლელობის“ გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს.
 
ხოლო მომდევნო დღეს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
 
რუსული მედიები Ura.ru და E1.ru წერდნენ, რომ 27 ივნისს ეკატერინბურგში დააკავეს აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ იუნის პაშაევის მკვლელობის საქმესთან, რაც 2001 წელს მოხდა. Ura.ru-ს ცნობით, რეიდების დროს მოკვდა ორი ადამიანი. E1.ru-ს მტკიცებით, მთავარი ეჭვმიტანილები, ძმები ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები შეუძლოდ გახდნენ პოლიციის ვიზიტის შემდეგ.
 
მომხდარის შემდეგ აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის წამყვანმა, როვშან მამედოვმა კრემლი მწვავედ გააკრიტიკა და რუსეთს გავლენის დაკარგვის გამო აზერბაიჯანელებისადმი „ძალის ჩვენებაში“ დასდო ბრალი.
 
მამედოვის თქმით, ცარიზმისა და საბჭოთა პერიოდში „აზერბაიჯანელები, უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები, თურქმენები და სხვა ხალხები ყოველთვის მეორე კლასის ადამიანებად მიიჩნეოდნენ“ და რუსეთში მსგავსი აზროვნება დღესაც უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ რუსული „იმპერია დავიწყებას მიეცა“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები