განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე ბრიფინგზე წარადგინა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროში, რასთან დაკავშირებითაც ორიოდე დღის წინ, დეტალური ანგარიში ჩავაბარეთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მინდა წარმოგიდგინოთ გივი მიქანაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. ორი სიტყვა მინდა, რომ ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დიდ ბრიტანეთში „ესექსის“ უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება, ასევე, ფართო პოლიტიკური გამოცდილება, ასევე, უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო ლექტორი და პედაგოგი სხვადასხვა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში. ასევე, არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, მას ამ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება თავად წულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.