თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ.
კალაძის თქმით, მეტროსადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - თქვა კალაძემ.