„ხელისუფლება უკვე შეშლილია, ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რითაც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა.
რაც შეეხება იმას, ელოდებიან თუ არა საქმის აღძვრას გიორგი გახარიას წინააღმდეგ, სიჭინავა აღნიშნულს არ გამორიცხავს.
„გიორგი გახარიას არავისთან დასამალი არაფერი ჰქონია. ის პირველივე სხდომაზე მივიდა და ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. მას სრულად აუხსნელი მიზეზის გამო დისტანციურად ჩართვაზე უარს ეუბნებიან. ისინი გიორგი გახარიას ქართული მიწის მშვიდობიანად დაცვაში ედავებიან. მან მშვიდობიანად შეაჩერა მცოცავი ოკუპაცია საკუთარ მიწაზე. რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს არამხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, არამედ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ქრონიკა. დადგება ყველას პასუხისმგებლობა. ხელისუფლება უკვე შეშლილია, ისინი სახელმწიფოს საჭესთან შეშლილი სახით სხედან და უფსკრულისკენ მიგვაქანებენ. ისინი თვითონ აუცილებლად გადაიჩეხებიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა პერიოდით იმყოფება გიორგი გახარია საზღვარგარეთ და აპირებს თუ არა ის ქვეყანაში დაბრუნებას, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც საგამოძიებო კომისიას არ უთანხმებს და „მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“.
„გიორგი გახარია საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება რამდენიმე სახელმწიფოში, რომლის განრიგსაც არ ვუთანხმებთ კომისიას. კომისია შეუძლია გამოსაკითხი პირი დისტანციურად ჩართოს. ასეთი შემოთავაზება გიორგი გახარიამ პირველივე შეხვედრის დროს მიიღო. მას პასუხების გაცემაზე პრობლემა არ აქვს. სისულელეა ის, რომ გიორგი გახარია გაიქცა ქვეყნიდან და აღარ დაბრუნდება. მტკნარი სიცრუეა იმაზე საუბარი, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა“, - განაცხადა მან.