15 ივნისს, რუსული ავიაკომპანია Азимут-ის ლაინერი Superjet-100, რომელიც მოსკოვი-ბათუმის А47053 რეისს ასრულებდა, მოსკოვში, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.
ავიაკომპანიის პრესამსახურის განცხადებით, თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში „ტექნიკური მიზეზების“ გამო დაბრუნდა, თუმცა, კონკრეტულად რა ხარვეზზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის.
ავიაკომპანიის თქმით, ბათუმში მგზავრებს სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.
დღეს რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფრენისას მარჯვენა ძრავის ხუფი მოძვრა და თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. აეროპორტში კი ე.წ. ლურჯი კოდი გამოცხადდა, რაც ავარიული დაშვების წინ ხდება.
„თვითმფრინავი, რომელმაც საწვავი მოსაცდელ ზონაში ამოწურა, განგაშის ამოქმედებიდან ერთი საათის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვა და დამოუკიდებლად გაემართა ავტოსადგომზე. ძრავის ხუფის ფრაგმენტებს ასაფრენ ბილიკზე მიაგნეს“, - წერს „ტელეგრამ-არხი“ Авиаторщина.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.