„მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად, უნდა განვსაჯო, თუ ვის დროს არიან ისინი მოსული“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა და გამოეხმაურა თეა წულუკიანს, რომელმაც სახალხო დამცველს სტრუქტურაში რეორგანიზაციისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ნაწილი მის მისვლამდე მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში და ისინი არ უნდა განისაჯონ იმის მიხედვით, თუ რომელი სახალხო დამცველის დროს დაიწყეს მუშაობა.
„ქალბატონი თეა წულუკიანის მოხსენება საკმაოდ კრიტიკული იყო. მე ვმუშაობ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მათი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროიდან, ნაწილი მომდევნო სახალხო დამცველების. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად, უნდა განვსაჯო თუ ვის დროს არიან ისინი მოსული. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს. არ ვიცი, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვა, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, აუცილებლად დავიცავ. სახალხო დამცველი ადამიანების უფლებებს იცავს სახელმწიფოსგან და პირიქით. ეს არის მანდატის შინაარსი. მე ყოველთვის დავგმობ პოლიციელზე ძალადობას და ამას ნახავთ აქციებთან დაკავშირებით ჩემს ანგარიშშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტები გაკეთდება მოქალაქეებზე“, - განაცხადა მან.
ამასთან, ლევან იოსელიანმა ისაუბრა მარიამ ლაშხისა და გიორგი კალანდარიშვილის შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ამ თემებზე მან ოფიციალური კომენტარი უკვე გააკეთა და ყოველთვის მზად არის, დაიცვას არასრულწლოვნები.
„მინდა, გამოვეხმაურო მარიამ ლაშხის შემთხვევას, ასევე, გიორგი კალანდარიშვილის შვილების შემთხვევას. მე მას (კალანდარიშვილს) დავურეკე და მოვიკითხე, ასევე, საჯარო კომენტარი გავაკეთე და დავგმე მომხდარი. ერთიც და მეორე შემთხვევაც ეხებოდა არასრულწლოვნებს. ორივე ფაქტი არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხდა. ასეთ დროს არასრულწლოვნები იღებენ გაუმართლებელ ზიანს. სწორედ ამიტომ დავგმე და მქონდა რეაგირება“, - განაცხადა მან.