უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების 10% დააზიანა

უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების 10% დააზიანა

გუშინ, 22:12 - 2025
93
       

გერმანელი გენერალ-მაიორის თქმით, უკრაინამ 1-ელი ივნისის სპეცოპერაცია „აბლაბუდის“ ფარგლებში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების სრული რაოდენობის დაახლოებით 10% დააზიანა და რამდენიმე სადაზვერვო თვითმფრინავსაც დაარტყა.
 
„ჩვენი შეფასებით, 12-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი დაზიანდა, როგორც Tu-95 და Tu-22 სტრატეგიული ბომბდამშენები, ისე A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები“, - თქვა გენერალ-მაიორმა ქრისტიან ფროიდინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
 
ფროიდინგის თქმით, დაზიანებული A-50-ები, რომლებიც NATO-ს AWACS ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების მსგავსია, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებით იერიშების დროს უფუნქციო იყო.
 

„ჩვენი მოსაზრებით, მათ სათადარიგო ნაწილებისთვის ვეღარ გამოიყენებენ. ეს დანაკარგია, მხოლოდ რამდენიმე ასეთი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი არსებობს. რაც შეეხება სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტს, ჩვენი შეფასებით, თავდასხმის შედეგად მათი 10% დაზიანდა“, - თქვა ფროიდინგმა.

 
როგორც Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, აშშ-ს ვარაუდით, უკრაინის სპეცოპერაციის ფარგლებში დრონებმა 20 რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს დაარტყეს და მათგან 10 გაანადგურეს. ექსპერტების თქმით, მოსკოვს დაზიანებული თვითმფრინავების ჩანაცვლებისთვის წლები დასჭირდება.
 
მიუხედავად დანაკარგებისა, ფროიდინგი ვერ ხედავს უკრაინაზე რუსული იერიშების უეცარი შემცირების შესაძლებლობას, ვინაიდან მოსკოვს კვლავ რჩება საკუთარი სტრატეგიული ბომბდამშენების 90%, რომლებსაც დაბომბვასთან ერთად, ბალისტიკური და სარაკეტო იერიშების მიტანაც შეუძლიათ.
 
„თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არის არაპირდაპირი ეფექტები, ვინაიდან დარჩენილ თვითმფრინავებს მეტი საიერიშო ფრენის შესრულება მოუწევთ, შესაბამისად, უფრო სწრაფად  გაცვდებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს უზარმაზარი ფსიქოლოგიური ეფექტი“, - თქვა ფროიდინგმა.

 
ცნობისთვის, 1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
 
სპეცოპერაცია „აბლაბუდის“ ფარგლებში, რომელიც წელიწადნახევარი იგეგმებოდა, СБУ-ს განცხადებით, ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორის, როგორც იშვიათი და უკიდურესად ძვირადღირებული A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები, ისე Ty-22M3 და Ty-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები.
 
СБУ-ს ცნობითვე, სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები