ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას“, - დაწერა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, ვინც ხმა მისცა მის პარტიას და „ძლიერ საქართველოს“.
„ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, - აცხადებს ანა დოლიძე.