აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.
ადგილზე მყოფმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბექა პაპაშვილი „ციხეში გაუშვეს წულუკიანისთვის მოღალატის სახელის დარქმევისთვის“.
მისივე განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
„ბექა პაპაშვილი არის გამორჩეული ახალგაზრდა, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, რაც მთავარია, გამორჩეულად პრინციპული, მებრძოლი და შეურიგებელი ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან არის რუსთაველზე. დარწმუნებული ვარ, რა წამს გამოვა საპატიმროდან, ისევ რუსთაველის გამზირზე დადგება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ბექა პაპაშვილი ერთ-ერთი იყო იმ აქტივისტებს შორის, რომლებმაც 12 აპრილს, ღამე, თეა წულუკიანის სახლთან აქცია გამართეს.