„ქართველმა ხალხმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში.
„ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას.
ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს. საქართველო არ არის უბრალოდ ინდივიდების ერთობა, არამედ ეს არის, ქართველი ერის მიერ, საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უდიდესი და საამაყო ისტორია გააჩნია.
ქართველი ერის საბოლოოდ შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდამხარ, თუ როგორ იცავდა ერი და ბერი საკუთარ სამშობლოს ერთსულოვნად. თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ, რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, გვჭირდება მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.