14 დღეა ოჯახი მდინარე მტკვარში 21 წლის გოგოს ეძებს.
ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს. ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს აკეთებს, რის გამოც მათ სამძებრო სამუშაოები თავად დაიწყეს.
ისინი მდინარეში კუსტარულად მოწყობილი „ტივტივათი“, პლასტმასის ბოთლებისგან შეკრული მაშველი რგოლით შედიან და ასე ცდილობენ დაკარგული ახალგაზრდის მოძებნას.
21 წლის აითაჯ მამედოვას ბიძა ამბობს, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა.
აითაჯი მეგობრის დაბადების დღეზე იყო, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, „მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა.
რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ ვიდეოზე ჩანს, როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.
ბიძის თქმით, გამოძიებას ორთაჭალის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. მისივე თქმით, სახელმწიფო აითაჯის სამძებრო სამუშაოებს სათანადო ძალისხმევით არ ასრულებს.
რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია წყლის საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობს კალაპოტის დათვალიერება.
შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.