„ქართული ოცნება“ ონლაინ მედიისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვას აპირებს

„ქართული ოცნება“ ონლაინ მედიისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვას აპირებს

20-03-2025, 09:34 - 2025
1 681
       

„ქართული ოცნება“ ონლაინ მედიასთან დაკავშირებით უცხოური დაფინანსების შეზღუდვის საჭიროებას ხედავს.
 
აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის პროექტის იმ ნაწილის განხილვისას დაისვა, რომლის მიხედვით, მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.
 

„შესაძლებელია, გარკვეულმა ძალებმა უცხოეთიდან ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ონლაინ მედია დააფინანსოს, მათ შორის ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე. ხომ არ უნდა იყოს იმდაგვარი რეგულაცია, რომ რასაც ონლაინ მედიას ვუწოდებთ, ანალოგიური შეზღუდვა მათზეც გავრცელდეს?“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გორდულაძის განცხადების სულისკვეთება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაიზიარა.
 
როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, საკითხს სხვა საკანონმდებლო პაკეტის მომზადება დასჭირდება, მან ამ მიმართულებით მუშაობის მზაობა გამოხატა.
 
„როდესაც მედია უცხო ძალის მხრიდან ფინანსდება, ეს როგორც წესი, ადგილობრივი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, დეზინფორმაციისა და მანიპულაციების გასავრცელებლად გამოიყენება. მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ეროვნული დემოკრატიების დასაცავად. ხშირ შემთხვევაში, უცხოური ძალების დაფინანსება არის „რბილი ძალის“ გატარების ინსტრუმენტი. იგივე საუბრები დღეს აშშ-შიც აქტუალურია. ეს საკითხები არც ევროპისთვის არის ახალი. დიდ ბრიტანეთში ონლაინსივრცეში უსაფრთხოების აქტი არსებობს, რომელიც 2003 წლით არის დათარიღებული და ასევე არსებობს ევროკავშირში, რომელიც 2024 წლით არის დათარიღებული, სადაც ინტერნეტმედიის რეგულირებაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. როგორც ინფორმაციის წყარო და გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი ინტერნეტმედია კიდევ უფრო გამოიყენება, ვიდრე მაუწყებლობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერნეტმედიის დაფინანსებისა და რეგულირების საკითხს სესიაზევე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
 
„ამ მიმართულებით არის რამდენიმე გამოწვევა. ერთის მხრივ, არავის უნდა მიეცეს სპეკულაციებისთვის სივრცე, რომ ვიღაცას ზღუდავენ. მეორეს მხრივ, გამოწვევა ის, რომ მიზანი აღსრულდეს. საკითხი ძალიან კომპლექსურია და ჩვენ ბევრი მიმართულებით გვჭირდება გადაწყვეტა. არის ბევრი სამსჯელო თემა - ბევრი წახნაგია, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ და ამას ძალიან კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. კანონის ამოქმედების შედეგად, მედიაორგანიზაციები „უცხო ძალისგან“ ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შეძლებენ.
 
უფრო კონკრეტულად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
 
აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
 
ამასთანავე, აიკრძალება „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები