ირაკლი კობახიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო ფილმს „ტყუილ ინფორმაციას“ უწოდებს და ტელევიზიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ის ამტკიცებს, რომ თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია - BBC-ში სტანდარტების დონე ძალიან დაბლაა დასული.
ამასთან, ის ამბობს, რომ ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული - ამაშია საქმე და ირწმუნება, რომ BBC-მ ტყუილი სწორედ ამასთან დაკავშირებით იკადრა.
„სამწუხაროდ, BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, თუმცა წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, BBC - საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით - მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, რაც არის სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ. ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში - როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, დანარჩენზე არც ღირს კომენტარის გაკეთება. რეალურად, მარტივად, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული. ჯერ ერთი, პირველ რიგში, ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ“, - ამბობს კობახიძე.
















