„BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ“, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.
„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია. მათი თქმით, გამოცემის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
















