გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება.
სააგენტო წერს, რომ ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
სააგენტო წერს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.