დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ფორმულას“ დამფუძნებლებმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, წილის 25% გადაეცემა „ფორმულელებს“, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნებიან ეს ადამიანები, ჯერ სია არ არსებობს.
არხის გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ შექმნილი იქნება დამატებით იურიდიული ჩარჩო იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს რომელიმე ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიის საკონტროლო წილის ფლობა, ან ერთპიროვნულად, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც.
ზუკა გუმბერიძე ამბობს, რომ შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც არხის პოლიტიკას განსაზღვრავს ამავე დროს, გუმბარიძის თქმით, დავით კეზერაშვილი გააგრძელებს ტელეკომპანიის ფინანსურ მხარდაჭერას.
„ტელეკომპანია „ფორმულა“ დაფუძნდა „ფორმულა კრეატიუისა“ და დავით კეზერაშვილის პარტნიორობის შედეგად. 49% ამ კომპანიაში ვფლობდით ჩვენ, ხოლო 51%-ს, ანუ საკონტროლო პაკეტს ფლობდა დავით კეზერაშვილი. დღეს მან მიიღო გადაწყვეტილება, ცხადია ჩვენთან კონსულტაციების შედეგადაც. დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილებით, საკუთარი წილის ნახევარს გადასცემს ფორმულას კოლექტივს. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც ამ არხის გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ვისაც ეს პირდაპირ ევალებოდა და ასევე ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა ჩვენ გვინდა, რომ დამატებით იურიდიული ჩარჩოც იქნას შექმნილი იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მერე გამორიცხული იყოს რომელიმე ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიის საკონტროლო წილის ფლობა, ან ერთპიროვნულად, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი.
25% გადაეცემა „ფორმულელებს“, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ ეკრანებიდან და ესენი იქნებიან ასევე ადამიანები, რომლებიც დგანან კადრს მიღმა, თუმცა უზარმაზარ როლს თამაშობენ, რომ ფორმულა გდიოდეს ეთერში. ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო თავის მხრივ და თავის გამოცდილებები არ არსებობს, ჯერ არ გვაქვს მოდელი და არ გვაქვს ადამიანების ზუსტი სია, ვინ იქნებიან დამფუძნებლები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება ჩვენს მაყურებელთან. ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამის შესახებ პირველ რიგში მაყურებელი გაიგებს, ვინ იქნებიან ეს ადამიანები, პრინციპი იქნება ისეთი, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური, საბოლოო ჯამში დამფუძნებელი გახდება ბევრი ადამიანი და ეს ადამიანები შექმნიან გარკვეულ ორგანიზაციას, სადაც ისინი აირჩევენ თავმჯდომარეს, იმ ადამიანს, ვინც იქნება წარმოდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში, ანუ ე.წ. ბორდში და ფორმულელების პოზიცია იქნება ყველა დონეზე გათვალისწინებული.
მთავარი, რასაც ჩვენ ამ ყველაფრით მივიღებთ, იქნება ის, რომ დღეიდან ვერც ერთი, ერთი დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არხზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ფორმულას აქამდეც ჰქონდა სარედაქციო პოლიტიკა, ეს პრეცედენტი დამატებით იურიდიულ გარანტიასაც შექმნის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა იქნება ხელშეუხებელი.
ფინანსურად მოგეხსენებათ, საქართველოში არც ერთი არხი არ არის თვითკმარი და არც ფორმულაა გამონაკლისი. დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ კვლავაც გააგრძელებს არხის ფინანსურ დახმარებას და ხარჯების შევსებას ტელეკომპანიისთვის“, - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.