მედია ჰოლდინგი Daily Group ვალდებულად ვთვლით თავს გამოვეხმაუროთ ბოლო დროინდელ ამბებს.
ჩვენ ვთვლით, რომ რუსული კანონი მიმართულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარების წინააღმდეგ, ზოგადად დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ და მკვეთრად ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს.
ამ კანონის მიღება ქვეყანას საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპისკენ მიმავალ გზას და იზოლაციაში მოაქცევს მას, გადავიქცევით ავტორიტარულ სახელმწიფოდ და რუსეთის სატელიტად.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლა მიგვაჩნია ქვეყნის ინტერესების ღალატად.
ასევე მიგვაჩნია, რომ ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასა და ჩვენი მოქალაქეების შევიწროვებას აწარმოებდა და აწარმოებს, ვერასდროს ვერ იქნება ქართველი ხალხისთვის მისაღები მეზობელი.
ევროპული გზიდან გადახვევა და რუსულ რელსებზე დაბრუნება ყოვლად ეწინააღმდეგება, როგორც ჩვენი მოსახლეობის დღევანდელ სურვილებს, ასევე იმ ასობით და ათასობით ქართველი გმირის მიზნებს, რომლებმაც რუს ოკუპანტს არ დაუჩოქეს და საკუთარი ქვეყანა სიცოცხლის ბოლო წამამდე დაიცვეს.
წარსულის მწარე გამოცდილებები გვასწავლის, რომ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ტკივილითა და რეპრესიებით იკვებება და ამას დღემდე აგრძელებს.
ერთადერთი გზა, რომელსაც ქართველი ხალხი ვირჩევთ არის ევროპა და ევროპული ოჯახი, რომელიც დღემდე ურყევად ცდილობს ჩვენს დახმარებას, გვიდგას გვერდში და სრულად აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროპა არის ჩვენი და ქართველი ხალხის თვითმიზანი.