„საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2000-ზე მეტი სკოლა კი, დირექტორის გარეშეა, განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება“, - ამის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს.
მისივე განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ სადეპუტატო კითხვით მიმართა სამინისტროს და ოფიციალური პასუხი მიიღო, რითაც დასტურდება, რომ ორ წელიწადზე მეტია, სკოლებს, ყოველგვარი დასაბუთების და კრიტერიუმების გარეშე, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, საქართველოს მასშტაბით კი, ასეთი 2 000 - ზე მეტი სკოლაა.
„განათლების სისტემაში და სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დეპუტატმა უკვე მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს, უწყებას, ვინც პასუხისმგებელია რეაბილიტაციის პროცესსა და შესაბამის ტენდერებზე, ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, მიმდინარე წელს განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის აუდიტი.
პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა წერილობით მიმართა მინისტრს და წარუდგინა რეკომენდაციები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას აღნიშნული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.
დეპუტატის განცხადებით, ის აქტიურად გააგრძელებს საკითხზე სადეპუტატო ზედამხედველობას და ასევე კომუნიკაციას ყველა პასუხისმგებელ პირთან ამ გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.