საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩასართავად სასამართლო მზადაა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან ზუსტი პასუხი არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დერეფნებში, საკანსა და პალატაში გადაღებული კადრების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.
„დღეს, რა შუამდგომლობასაც დავაყენებთ არის ის, რომ ვითხოვთ დაპატიმრებიდან დღემდე, საკანში, დერეფნებში, პალატაში ყოფნის კადრებსა და გადაღებულ ვიდეომასალას, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას უაზრო სპეკულაციებს. ამ ვიდეომასალას უკვე 6 თვეა ვითხოვთ. არ გვეძლევა შესაძლებლობა და ახლა მოსამართლის წინაშე დავაყენებთ ამ შუამდგომლობას. ასევე, ვითხოვთ, განცხადების დართვას. ჩვენ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურიდან გვაქვს უამრავი მასალა გამოთხოვილი, რაზეც არ მიგვიღია პასუხი. სამინისტრო დემონსტრაციულად გვეუბნება უარს. ამასაც დავაყენებთ. ეს ინფორმაციები ეხება, მაგალითად იმას, რა მიმოწერას აწარმოებდა სამინისტრო სტრასბურგში სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ ტიპის შუამდგომლობები იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დღეს საზოგადოება გაიგებს ექსპერტების ჩვენებებს და ისინი თავიანთ ჩვენებში დაასახელებენ იმას, რაც სჭირს. ახლა მქონდა კომუნიკაცია სასამართლოსთან, სასამართლო მზადაა, მომზადებულია მონიტორები, ყველაფერი და ელოდებიან პენიტენციურს. სასამართლოდან არის მზაობა და პენიტენციური და იუსტიციის სამინისტრო ვნახოთ რას გადაწყვეტს. იმედია არ მოხდება პატიმრის დამალვა და ევროკონვენციის დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.