„აღქმებით საუბრობენ, ყავაზე მკითხაობაა არაექიმების შეფასებები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს უფლება ისაუბროს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
„მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ, რომ ეს არის განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემი და არც რაიმე განსაკუთრებული ხასიათის კომპეტენცია გამაჩნია სამედიცინო სფეროში.
როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალბატონი ნატო იქნება თუ სხვა, აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნორმალურ ვითარებაში, მაგალითისთვის, კარდიოლოგი არ ჩაერევა ნერვოლოგის საქმეში, ასევე, ყბა-სახის ქირურგი არ ჩაატარებს მენისკის ოპერაციას და სხვა. რატომ? იმიტომ, რომ თუ გინდა კონკრეტული სამედიცინო მოქმედებების შესრულების უფლება გქონდეს, ამისთვის საკმაოდ დიდხანს უნდა ისწავლო, მერე გაიარო ორდინატურა, გარკვეული პრაქტიკა დააგროვო და გახდე პროფესიონალი.
ეს არის საუბარი აღქმებით, აღქმების დონეზე, და ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი ხალხისგან საუბარი, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო განათლება, არ არიან ექიმები, საუბარი ვინმეს ჯანმრთელობაზე და მითუმეტეს, შეფასებების გაკეთება, სათანადო სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე, არის სხვა არაფერი თუ არა ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.