„მკლავდა, ბავშვებს დედის გარეშე ტოვებდა, შვილების თვალწინ დამჩეხა“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ 30 წლის ქალმა, რომელსაც მამამთილი ქმრის საფლავზე კლავდა.
როგორც 30 წლის ქალი იხსენებს, გონების დაკარგვამდე ესმოდა ბავშვების ტირილი.
„ბავშვების ხმა მესმოდა როგორ კიოდნენ – დედას ნუ გვიკლავ, მამაც აღარ გვყავსო“, - იხსენებს 30 წლის ქალი.
როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალსა და ქმრის მშობლებს შორის კონფლიქტი წლებია გრძელდება. გურანდა მაღლაფერიძე ირწმუნება, რომ ის მამამთილის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. პოლიციას კი შიშის გამო ვერ მიმართავდა.
როგორც დაზარალებული ყვება, ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, საცხოვრებლად მეუღლის მშობლებთან დაბრუნდა, თუმცა კონფლიქტი რძალ-მამამთილს შორის იმდენად გამწვავდა, რომ ქალმა 54 წლის კაცის წინააღმდეგ 29 აგვისტოს პოლიციას მიმართა.
პოლიციამ ერთთვიანი შემაკავებელი ორდენი გამოსცა. ქალი ამტკიცებს, რომ მამათლმა ეს არ აპატია და ქმრის საფლავზე მისულს თავს დანით განზრახ დაესხა.
დაკავებულის ცოლის მტკიცებით კი, რძალს მათი ქონების მითვისება უნდოდა. ქალი საბედისწერო დღეს მომხდარი ჩხუბის სულ სხვა ვერსიას ყვება, ამბობს, რომ რძალი მამამთილს ბავშვებთან ურთიერთობას უკრძალავდა. კაცი შვილის საფლავზე ბავშვების სანახავად მივიდა და დაჭრის განზრახვა არ ჰქონია. გურანდა მაღლაკელიძის დედამთილი ძალადობაში პირიქით, ყოფილ რძალს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა წყალტუბოში, სოფელ საყულიაში 18 ოქტომბერს მოხდა - საქმის მასალების მიხედვით, 54 წლის კაცმა რძალს, გურანდა მაღლაფერიძეს დანა 4-ჯერ, სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ჩაარტყა.