ბიძინა ივანიშვილს ფულს ისევ არ აძლევენ.
ქართველი ოლიგარქის ადვოკატმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„გვსურს ყურადღება გავამახვილოთ დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ კიდევ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე, რაც საზოგადოებას პროცესის უკეთ, უფრო ნატურალურად აღქმის უკეთეს მისცემს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე.
მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს. მოსამართლემ იქვე დაუსვა ბანკს შეკითხვა ამ საკითხზე, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადმოერიცხა კლიენტისთვის.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის.
საგანგებოდ ხაზგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა.
თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამედ გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.
ამდენად, ბანკი ხელწერა არ შეცვლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია“, - წერია განცხადებაში.