ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასების შესწავლა და 15 მაისამდე შუალედური დასკვნის მომზადება დაავალა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში შედარებით იაფი საწვავის შემოტანა ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო, თუმცა, ფასებზე ეს არ ასახულა.
„ჩვენი ინფორმაცია არის, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტომ, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ. არსებობს ინფორმაციებიც, ხომ არ არის რამე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.