სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ გამართული აქციები გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.
ჰესის მოწინააღმდეგეთა მიერ გამართული აქციები სუს-ის ანგარიშში ე.წ რბილი ძალის მაგალითადაა მოყვანილი.
„2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, - ვკითხულობთ სუს-ის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტის შესახებ ცნობილი 24 მარტს გახდა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია გახდა.