ამ წუთებში ოთარ ფარცხალაძის სასამართლო მიმდინარეობს

ამ წუთებში ოთარ ფარცხალაძის სასამართლო მიმდინარეობს

დღეს, 15:17 - 2025
82
       

თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმეს განიხილავს.


სასამართლო სხდომას არ ესწრება ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, ვინაიდან ის რუსეთში იმყოფება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა მათი ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. 

ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.

რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები