„ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2025 წლის ივნისში დატოვა“, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ის ამჟამად იმყოფება რუსეთში, 2025 წლის ივნისში დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2025 წლის მარტის თვეში, როდესაც 14 მარტს მოკლეს ლევან ჯანგველაძე. რაც შეეხება საქმეზე ოპერატიულ ინფორმაციას, სადაც უკვე გაჩნდა ფიგურანტად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, იყო აგვისტოს თვიდან“, - აღნიშნავს ვეფხვაძე.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან, რადგან უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით.
„ლოგიკურია, გელა უძილაურის საქმის მასალები აქ იქნება, იმიტომ, რომ გელა უძილაური ამ საქმეზე დადგენილია, როგორც აღმსრულებელი. ის ფაქტი, როგორ მივიდნენ გელა უძილაურამდე, ესეც დადგენილია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია, არის მოწმეთა ჩვენებები, გარდა ამისა, საქმეს დაემატა დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან. მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან დაპირისპირებული იყო, უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმეს განიხილავს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.

















