ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პსჟ“-სა და „ინტერის“ (5:0) მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული უსმან დემბელე უნდა გახდეს.
„პირადად მე „ოქროს ბურთს“ უსმან დემბელეს მივცემდი, მან გუნდს ფინალში ულიდერა, დაცვაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.ნამდვილად ვფიქრობ, რომ მან ეს ჯილდო დაიმსახურა, არა მხოლოდ ტიტულებისა და გატანილი გოლების გამო, არამედ იმის გამო, თუ როგორ თამაშობს პრესინგს და რამდენს დარბის მოედანზე, უსმანი ამას მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებდა, მაგრამ ფინალში საერთოდ გასაოცარი იყო“, - განაცხადა ენრიკემ.
გასულ სეზონში უსმან დემბელემ „პსჟ“-ს მაისურით ყველა ტურნირზე 49 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 15 საგოლე პასით გამოიჩინა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება.