განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნიკა მელია - გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ!

ნიკა მელია - გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ!
26-02-2021, 15:07
ავტორი: ნინა ჯანგირაშვილი

ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით - თავისუფლებისთვის.

აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ის ნაწილია, რომლებიც პოლიტ პატიმრების დევნას აპროტესტებენ და რიგ გარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას, წერილი პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.

„მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს. მოგესალმებით და მიხარია, რომ აქ ხართ. მიხარია, რომ ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება. ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი განვითარებული საქართველოა, სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება გეწვევა, მაგრამ მე, ახლა, ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ რომ ყოველი ახალი სირთულე, ყოველი ახალი წინაღობა, ყოველი ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს. ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ნება, ჩვენ გვაქვს მიზანი და მოტივაცია მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე რადიკალიზაციის და პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისის ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ, და ახლა, თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძალისმიერი შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის. ვინც იდგა ჩვენს გვერდით, ვინც იდგა პარლამენტის წინ, ვინც იდგა ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში. 2019 წლის 20 ივნისსაც და 2021 წლის 23 თებერვალსაც, ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას გავრილოვების, ლავროვების და მათი მორჩილი პირებისგან თავისუფალ, ერთიან, ქართული სახელმწიფოს იდეას. ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა, მინდა მივმართო მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლებით არ ვაჭრობენ, თავისუფლება უნდა მოიპოვო და დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება, მაგრამ არასდროს დანებებით. მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით. ყოველ კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით და ისევ მხოლოდ ერთიანობით. მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად, დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ თავისუფალი ხალხი საქართველოში. სამშობლოს სიყვარულის და ღირსების დაცვის გამო, თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 000 ლარად, იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს. თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის, თავისუფლება არ ღირს 40 000 ლარი. ეს არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის და მითუმეტეს არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის - თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს პასუხი სანდროსთვის, რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, ან დღეს ვერ გაიგებს, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე სწორედ ხვალინდელი დღის და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი აქედან. ვარ მართალი, ვარ მხნედ. ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი, ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება ახლა აქ და დღეს. ჩვენ ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია. არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად. გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - ვკითხულობთ ნიკა მელიას წერილში.

გაზიარება
მოინახულეს 168-ჯერ
კომენტარები