ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა, შესაძლოა, მაისის ბოლოს აღდგეს.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია trend.az-ი „ოცნების“ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე რკინიგზის მომსახურება მაისის ბოლოს აღდგება“, - განაცხადა წყარომ გამოცემასთან.
მისი თქმით, ზუსტი თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული; მხარეებს შორის ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, აზერბაიჯანში 2020 წელს შემოიღეს სპეციალური საკარანტინო რეჟიმი, რომელიც დღემდე მოქმედებს. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილია. ამ დრომდე შეჩერებულია რკინიგზით საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანაც.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი კვლავ გაგრძელდა - 1-ელი ივლისის 06:00 საათამდე. წინა ვადა 1-ელი აპრილი იყო.