ტრამპმა 2 აპრილს სავაჭრო ტარიფების შესახებ დეტალები გამოაცხადა და საკუთარ გადაწყვეტილებას ამერიკის „გათავისუფლების დღე“ უწოდა.
10%-იანი უნივერსალური საბაზისო ტარიფი დაუწესდა ყველა ქვეყანას და მათ შორის, საქართველოსაც, ზოგიერთ ქვეყანას კი საპასუხო და შესატყვისი ტარიფი, ოღონდ „ფასდაკლებით“, როგორც ტრამპმა თავად აღნიშნა. 10-10%-იანი ტარიფები დაუწესდა აზერბაიჯანს, სომხეთს, უკრაინასა და კიდევ სხვა ქვეყნებს, მოლდოვას კი - 31%. ჩინეთს დაუწესდა 34%-იანი. საინტერესოა, რომ ჩინეთს მანამდე ტრამპის განცხადებების საპასუხოდ დაწესებული ჰქონდა 67%-იანი ტარიფი და ჩინეთი იმ ქვეყნების რიგშია, რომლებზეც ტრამპმა თქვა, რომ მათ ტარიფები „ფასდაკლებით“ დაუწესდათ - ანუ ტრამპის „ფასდაკლებაში“, მისივე თქმით, იგულისხმება, რომ მან ზოგიერთ ქვეყანას გაუნახევრა ის ტარიფი, რაც თავად აქვთ აშშ-ისთვის დაწესებული. ევროკავშირიც ამ „ფასდაკლებულთა“ შორისაა, რადგან თავად ევროკავშირს მანამდე აშშ-ისთვის ჰქონდა 39%-იანი ტარიფი გაცხადებული. როგორც ტრამპმა თქვა, ევროკავშირს 20%-იანი ტარიფი დაუწესდება. რაც შეეხება ამერიკის სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს, იაპონიას დაუწესდა 24%-იანი, ინდოეთს - 26%, სამხრეთ კორეას - 25%. საინტერესოა, რომ აზიის ქვეყნები ყველაზე მეტად მოყვნენ მაღალი ტარიფების ზონაში.
ტარიფები დაუწესდა ყველა უცხოურ ავტომწარმოებელს, რომლებიც აშშ-ში ყიდის მანქანებს, ჯამში 25%-იანი, და როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ეს დაახლოებით 600-მილიარდიანი ბაზარია, რომელზეც 25%-იანი ტარიფი გავრცელდება. ის გავრცელდება ასევე კომპიუტერებზე, ჩიპებსა და სხვა მსგავსი სახის პროდუქციაზე. ტარიფები 3 მაისიდან ამოქმედდება, თუმცა ნაწილი უკვე ამოქმედდა 3 აპრილის 00:01 საათიდან ვაშინგტონის დროით.
საქართველო მოყვა საბაზისო ანუ ტარიფების ყველაზე დაბალ - 10%-იან ზონაში. აქამდე საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობა ფაქტობრივად ნულოვანი ტარიფით ხდებოდა და ცხადია, ახალი განაკვეთი სავაჭრო მოცემულობას ცვლის. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, შარშან საქართველოდან შევიდა 165,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამერიკიდან საქართველოში - 1,7 მილიარდი დოლარის ანუ აშშ-ს საქართველოსთან, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს.
სავაჭრო ბალანსის თემა იმით არის მნიშვნელოვანი ტრამპის სავაჭრო ტარიფების პოლიტიკაში, რომ როგორც აღმოჩნდა, ტარიფების ოდენობა სწორედ ამ ბალანსის მიხედვით განისაზღვრა და მაღალი დაუწესდა მათ, ვისთანაც აშშ-ს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. მეორე მხრივ, ტრამპი თავის სატარიფო პოლიტიკას იმით ხსნიდა, რომ უნდოდა წარმოების ამერიკაში დაბრუნება. როგორც ეკონომიკის ანალიტიკოსები ამბობენ, ამას შესაძლოა ჰქონდეს დადებითი მხარეები - წახალისდება შიდა წარმოება, რადგან უცხოური საქონლის გაძვირება უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ მწარმოებლებს და ამცირებს უცხოურ დამოკიდებულებას; გაიზრდება დასაქმების პოტენციალი ინდუსტრიულ სექტორში, რადგან თუ ამერიკული საწარმოები გაიზრდება, მოიმატებს მოთხოვნა შრომაზეც; შესაძლოა შემცირდეს ვაჭრობის დეფიციტი, რადგან ზოგადად ტარიფები ამცირებს იმპორტს, რაც შეიძლება დადებითად აისახოს აშშ-ის საგარეო სავაჭრო ბალანსზე და რაც მთავარია, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამით ტრამპის პოპულარობა იზრდება ქვეყანაში, რადგან დაბალ ფესებს ეროვნული ეკონომიკის პრიორიტეტიზაცია მასშტაბურად მოსწონთ. თუმცა ამ ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეებიც და პირველ რიგშია ინფლაციის ზრდა, რაც უკვე დაწყებულია, რადგან იმპორტირებული საქონლის გაძვირება ფასების ზრდას იწვევს, რაც საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება. გარდა ამისა, არსებობს შესაძლო სავაჭრო ომების მოლოდინი, რადგან სხვა ქვეყნები საპასუხოდ აწესებენ ტარიფებს ამერიკულ პროდუქტებზე, ხოლო ეს ექსპორტიორებს აზიანებს და სატარიფო ესკალაციას ქმნის. ამას კი მოსდევს გლობალური მიწოდების ჯაჭვების დაზიანება, რადგან ბევრი ამერიკული კომპანია დამოკიდებულია უცხოურ კომპონენტებზე. მათი გაძვირება საბოლოოდ პროდუქციას აძვირებს. შესაძლოა შემცირდეს ინვესტიციები, რადგან ტრამპის პოლიტიკა ინვესტორებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის. ეს ყველაფერი იწვევს გლობალური ვაჭრობის შენელებასა და პროტექციონიზმის ზრდას, რასაც მოჰყვება გლობალური ფასების არასტაბილურობა. განსაკუთრებით დაზარალდებიან იმპორტდამოკიდებული ქვეყნები და ისეთი სექტორები, როგორიცაა ელექტრონიკა, ავტომობილები და ტექსტილი.
ეკონომიკური ფაქტორების გვერდით კი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორებიც და შიშობენ, რომ ტრამპის ეს გადაწყვეტილება დააზიანებს აშშ-ის მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-ის პოზიციონირება „ეკონომიკურ ნაციონალიზმზე“ გადადის, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ეკონომიკურ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, გართულდება ურთიერთობები როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან, იაპონიასა და სხვა პარტნიორებთან. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ახალი „ეკონომიკური ბლოკების“ ფორმირება, რაც, ცხადია, გაურკვევლობის ხარისხს ზრდის.
რას ნიშნავს ტრამპის სატარიფო პოლიტიკა თითოეული ადამიანისთვის და მათ შორის, რა გავლენა ექნება ქართულ ეკონომიკაზე პირდაპირ თუ ირიბად, ამ საკითხებზე BPN ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.