თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრობიდან გათავისუფლდა

თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრობიდან გათავისუფლდა

გუშინ, 21:54 - 2025
199
       

ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გაათავისუფლეს.


აღნიშნული მისმა ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა დაადასტურა.

ვლადიმერ ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა. თუმცა, რა გახდა შუამდგომლობის საფუძველი, ადვოკატი არ საუბრობს. უცნობია, პატიმრობის შეცვლის საფუძველი ღუდუშაურის მიერ ვინმეს მამხილებელი ჩვენება გახდა თუ არა.

ვლადიმერ ღუდუშაური ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე რამდენიმე თვის წინ დააკავა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები