ცოლის მკვლელობა ჩვილის თანდასწრებით | სკანდალური ინტერვიუ მკვლელის მამასთან

ცოლის მკვლელობა ჩვილის თანდასწრებით | სკანდალური ინტერვიუ მკვლელის მამასთან

7-04-2025, 00:44 - 2025
767
       

მკვლელობის უმძიმესი ისტორია და მსჯავრდებული, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა შესაძლოა უვადო პატიმრობით შეეცვალოს.
 
34 წლის გიორგი კავლელაშვილმა ცოლი გამთენიისას საწოლში მოკლა. თანაც იმ დროს, როცა დედა 4 თვის შვილთან ერთად იწვა. ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ახლა კი, სააპელაციომ მკვლელს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
 
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა 14 თვიანი დუმილი სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია. თქვა, რომ 20 წელი სამართლიანად მიუსაჯეს, თუმცა ისიც თქვა, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.
 
ბრალდებულის იმედი გამართლდა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისთვის მისჯილი 20 წელი მკვლელობისთვის და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ნაწილში - გამართლდა.
 
მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახი ელოდა, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ.
 
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა პროკურორისთვის. ახლა პროკურორი მკვლელისთვის უვადო სასჯელს უზენაეს სასამართლოში მოითხოვს.
 
ახალგაზრდა ოჯახი, ქეთი ედიბერიძე და გიორგი კავლელაშვილი 4 თვის მარიამთან ერთად, დმანისში ცხოვრობდნენ. 8 იანვარს ბავშვი თბილისში, ექიმთან ვიზიტზე წაიყვანეს. ახალგაზრდა ოჯახი ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილის მამის სახლში დარჩა. 9 იანვარი თენდებოდა - ეს ღამე ახალგაზრდა დედისთვის სიცოცხლის ბოლო ღამე აღმოჩნდა.
 
გამთენიისას გიორგი კავლელაშვილმა დანა აიღო და საწოლში ცოლს 19-ჯერ დაარტყა.
 
სისხლისგან დაცლილ ქალთან ერთად, კლინიკაში გადაიყვანეს გიორგი კავლელაშვილიც - გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან თვითდაზიანება მიიყენა. ქეთი ედიბერიძე კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, დამნაშავე კაცი კი, გადარჩა. ცოლის მკვლელობის უმძიმესი ბრალდება მას კლინიკაში გააცნეს. აქედან კი, პირდაპირ ციხეში მოხვდა.

 
ქეთის დედა და და ემიგრანტები იყვნენ. მომხდარიც საზღვარგარეთ შეიტყვეს. საბუთებში პრობლემების გამო, 6 წლის უნახავი, სასტიკად მოკლული შვილის დაკრძალვაზე დედამ ჩამოსვლა ვერ შეძლო - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნება მოახერხა, ობლად დარჩენილ შვილიშვილს ზრდის. დარწმუნებულია, რომ ქეთი მკვლელობამდე ძალადობის მსხვერპლიც იყო, თუმცა ოჯახს არ უმხელდა. შვილმკვდარი დედა გიორგი კავლელაშვილთან ერთად, მომხდარზე პასუხისმგებლობას მკვლელის მამასაც აკისრებს.
 
მამა ნარკოტიკებს ახსენებს, მსჯავრდებული კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით თავის მართლებას ცდილობს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დაკავებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, არც შეურაცხადი იყო და მას არც ნარკოტიკის მოხმარება დაუდასტურდა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ადვოკატიც დაარწმუნა, რომ მკვლელობა ჰალუცინაციის ფონზე ჩაიდინა. დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით - ამას ამტკიცებს პროკურორი.
 
შვილმკვდარ დედას ახლა 2 საზრუნავი დარჩა - ობლად დარჩენილი შვილიშვილის აღზრდა და მისი შვილის მკვლელისთვის უვადო სასჯელი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, 6-თვის ვადაში გაირკვევა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები