UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო.
28 წლის მებრძოლმა ერთი წონით ზევით გადასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. ქვემსუბუქ დივიზიონში კი მისი ქამრისთვის 13 აპრილს ერთმანეთს ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი შეხვდებიან.
„არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე მსუბუქ დივიზიონში. ერთადერთი ის ვიცი, რომ UFC საჩემპიონო ბრძოლას დამპირდა და ისინი პირობას ყოველთვის ასრულებენ. სწორედ ამიტომ დავთმე ქამარი“, - განაცხადა თოფურიამ ესპანური საბრძოლო ორგანიზაციის, WOW-ს პრესკონფერენციისას.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია, მან წინა 16 დაპირისპირება მოიგო. ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი თოფურია 2024 წლის თებერვალში გახდა, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში ქამარი დაიცვა.