„სტუდენტების ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსიდან დაიწყო და ისინი „თბილისი მოლისკენ“ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციაა მიმდინარეობს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ გზის სავალი ნაწილის ბლოკირება არ მოახდინონ. მსვლელობის მონაწილეების თქმით, ისინი მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლებენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალაა მობილიზებული. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
ინფორმაციისთვის, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლონ, სადაც აქციები 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს.