უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე სჩასტიესა და მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დანაკარგი განიცადეს, შეტაკებები გრძელდება.
„ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და სჩასტიე. განადგურებულია მტრის სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.