„ძლიერი საქართველოს“ წევრს, ალეკო ელისაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ელისაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პატიმრობის შეფარდების მოლოდინი ჰქონდა.
„10 წელია სულ მცირე, რაც არ მინახავს. არ ვიცი რომელ პარტიაში იყო, წარმოდგენა არ მაქვს. მისი სახელი და გვარიც კი არ მახსოვს, სახე მახსოვს, იმიტომ, რომ სახასიათო გარეგნობა აქვს. ინციდენტის დროს მოწმე მუდმივად ცდილობდა ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენებას. მცდარად წარმოაჩენს ბრალდების მხარე, თითქოს, მე თანმხლები პირები მყავდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დღეს იმ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, რომ გამამწესოთ, პოლიტიკურადაა მოტივირებული საქმე, დამიჭირეთ, რაც გინდა ის ქენით“, - თქვა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მას ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა ედება - მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლითაა აღძრული.