„ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო“, - ამის შესახებ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით, 19 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული მათე დევიძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.
„მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ. ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო“, - ამბობს ადვოკატი, IPN-ის ცნობით.
ადვოკატი ამბობს, რომ დევიძეს დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალს ხვალ, 09:30 საათზე წაუყენებენ. დიდი ალბათობით, ხვალვე იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე დააკავეს. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.