სემეკის ხელმძღვანელი, დავით ნარმანია ეხმაურება ინფორმაციას, რომ მისი მეუღლის, თინათინ თინიკაშვილის კომპანიას საბადურის ტყეში 10 ჰექტარი მიწა ინვესტიციის განსახორციელებლად აღნაგობის წესით გადაეცა, ვალდებულებები კი არ შეასრულა.
ნარმანიას თქმით, მისი მეუღლე კომპანია „საბადური ვილაჯეში“ დანიშნულ დირექტორად მუშაობს. სემეკ-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის გარდა ყველა ინფორმაცია, რაც თინიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელდა, აბსოლუტური სისულელეა.
„სისულელე დაწერეს რაღაცა. ჩემი მეუღლე მაგ კომპანიაში მუშაობს როგორც დანიშნული დირექტორი. მე სხვა არაფერი. შესაბამისად, შეგიძლიათ ეგ თქვათ. დანარჩენი რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სისულელე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ „მთავარ არხთან“.
ცნობისთვის, დავით ნარმანიას მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი კომპანიის შპს „საბადური ვილაჯე“ დირექტორად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა. კომპანიამ ორი თვით ადრე დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ საბადურის ტყეში გადაცემულ 10 ჰექტარზე 4 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, თუმცა ნარმანიას ცოლის კომპანიას აღებული ვალდებულებების ამ დრომდე არ შეუსრულებია.