„ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ერთი ოპერაციით სახელმწიფოს მილიარდი ლარი მოპარა“, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული კანონის შესახებაც საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ოფშორების კანონით, ივანიშვილი მრავალმილიონიანი ხელოვნების ნიმუშების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში არ დაიბეგრება და სწორედ ეს იყო ამ კანონის მიღების მოტივი:
„მარტივ რამეს გეტყვით, წელს შემოღებული კანონი ოფშორებზე, ეს კანონი რეალურად შემოიტანა ისეთ დროს, როდესაც იყო რუსული კანონის გარშემო აურზაური. ანუ, გააძვრინა. რეალურად რისთვის იყო ეს გაკეთებული. ივანიშვილმა 2022 წელს და თავადვე თქვა გამოსვლაში, ჩემი ნახატების კოლექციას არ მატანდნენო. გამოატანეს და მაშინ შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა ბევრის გადახდა, არც მოგების გადახდა ამ ნივთებზე.
ეს კანონი ითვალისწინებს სამ რამეს:
ერთი, რომ გადმოცემული აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ანუ, მომავალში რომ გაყიდის აქტივებს მოგებით, გადასახადი ამას არ ექნება. შესაბამისად, მილიარდის კოლექცია 5-10 წელიწადში რომ გაყიდოს 2 მილიარდად, ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან.
ასევე, ის განბაჟების და დეღეგეს საფასური, მილიარდ დოლარზე უწევს დაახლოებით 180 მილიონი დოლარი, მან ასევე ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ის ქონების გადასახადი წლიური 1%, რომელსაც ყველა იხდის თავის სახლზე, ქონებაზე, ყველა კომპანია იხდის თავის აქტივებზე, წელიწადში 10 მილიონი დოლარი მან პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ანუ, ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა სახელმწიფოს.
ამავდროულად ყიდულობს ივანზე ზოსიმეს ხელნაწერს, რომ რამენაირად ზემოქმედება გააკეთოს მორწმუნე ხალხის არჩევანზე, რომ ასე ვთქვათ, ისინი კარგად განაწყოს მის მიმართ. ამას აპიარებს და მეორე ჯიბით მილიარდ ლარს პარავს თავის ქვეყანას. ასეთი ქველმოქმედია ივანიშვილი“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.