20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გუშინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის მეგობრები - გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ",- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.