„საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა - დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „მილიონზე მეტი ხმის აღებას აპირებს“.
„რაც თქვით, ტყუილია. ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეების რესურსი, არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა. თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.