„ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში.
„რეალურად სათქმელი არაფერი არ აქვთ, მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმ განცხადებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებისგან შედგება, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად იცის. მათ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან აქვთ. წარმოადგენდნენ, როგორც სახეები წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის პირდაპირ მაშინდელ ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, ამიტომ შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შევიდეს, თუმცა ყველას მინდა შევახსენო, რომ ის პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის საქმეები, რომელიც უკავშირდება კომპანია „მაგნატს“, „ელიტ ელექტრონიქსს“, „კონსტანტას“. ღამე კომპანიების წილების გადაფორმება, ამ ყველაფერში ჩართული იყო, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ადამიანი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საზოგადოებას უნდა შევახსენოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.