,,აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში",- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ქართული ოცნებიდან დავით ბაციკაძემ გამოცემა ბათუმელებს განუცხადა.
,,აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში. იმას, ვისაც იარაღი არ ეკავა ხელში. შერიგება სხვანაირად არ მოხდება. რა თქმა უნდა, ბოდიში ერთმანეთისთვის გვაქვს მოსახდელი და, რა თქმა უნდა, შესარიგებლები ვართ", - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
ცნობისთვის, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 14 სექტემბერს გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ ,,აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".