„ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას“, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დისკუსიას ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდას უწოდებს.
„ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა: სასამართლომ, რეზოლუციებმა - ყველამ თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ესაა ფაქტი, მოცემულობა, რომელიც გვაქვს. მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ და არაფერს აკეთებ ქვეყნის გაერთიანებისთვის, ერთიანობის მოწოდებისკენ, ამ მძიმე დღეებში მაინც, ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გავაერთიანოთ საქართველო, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ქვეყანაში არ იყოს არცერთი განუვითარებელი წერტილი დარჩენილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.