„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.
„16 წელი გავიდა ამ ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც რუსეთის აგრესიამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში. ეს აგრესია, ოკუპაცია გრძელდება, რომელიც უნდა დასრულდეს. დასრულდება მშვიდობიანად, დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით, ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებით თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. იმ გმირების, რომლებიც აქ განისვენებენ, სისხლი, ღვაწლი, არასდროს იქნება დავიწყებული.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის. ამ პერიოდში, მუდმივად ხორციელდებოდა აგრესია სხვადასხვა ფორმით. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი არის სწორედ ჩვენი მეგობრების, დასავლელი სამყაროს, ჩვენი ხალხის ერთგული მეგობრების დამსახურება. ცხადია, რომ საბოლოო დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის სწორედ, მშვიდობიანად მოხდება ჩვენი მეგობრების დახმარებით.
ცხადია, ჩვენი მეგობრების მხარში დგომა და ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო იმის გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისკენ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.