„ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.
„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.
რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.