მცხეთის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება.
სახელმწიფო ბრალდება ამ პირებს გიორგი შაქარაშვილის მეგობრისთვის, გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაშიც.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, სასამართლოს მიმართეს მსჯავრდებულებმაც, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ისინი ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ და მათ მიმართ უსამართლო განაჩენია გამოტანილი, რადგან, მათი თქმით, მოსამართლემ სასჯელი მტკიცებულებების გარეშე მიუსაჯა.
„აქ ბევრს გონია, ბევრ ადამიანს, რომ რაღაცა მოსანანიებელი გვაქვს და ჩვენ არაფერი არ გვაქვს მოსანანიებელი. ჩვენთან მოინანიოს ყველა იმ მოსამართლემ, ვინც გაგვასამართლა ტყუილად და უსამართლოდ. თქვენ ერთი მოწმე არ გყავთ რომელიც ხელს დაგვადებს, რომ, აი, ვახო ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოკლეს ეს ადამიანი. ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეთ...“, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი.